დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ტესტირება ფასიანი გახდა, ორჯერადად აცრილებისთვის, შესაძლოა, უფასო იყოს. ამის შესახებ მან ვაქცინაციის შესახებ ვებინარზე ისაუბრა.
“ორჯერადად აცრილებისთვის ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ სწრაფი ტესტი იყოს ფასიანი. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნის, იმათთვის სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.
ვისაც ეკუთვნის აცრა, უკვე გარკვეული დროის შემდეგ, მაშინ კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. თუ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წინააღმდეგი ჩვენებაა და ვერ იცრება ადამიანი, იმისთვის ისევ უფასო დარჩება”, — განაცხადა მან.
NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ სექტემბრიდან სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლა გარკვეული პირობებით გახდეს შესაძლებელი. კერძოდ, საუბარია, რომ მოქალაქეები დაიშვან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არიან მინიმუმ ერთი დოზით აცრილები ან წარადგენენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ტესტის უარყოფით პასუხს. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს რეკომენდაცია ძალაში შევა, ტესტი უფასო აღარ იქნება.
წყარო: on.ge