14 აპრილს, ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრში, (სამხატვრო გალერეა) , სეზონი გაიხსნა.
დარბაზში წარმოადგინეს ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრის, ბექა ხინთიბიძის ნამუშევრები.
მოსულმა საზოგადოებამ იხილა 28 წლის ახალბედა მხატვრის 90 ნამუშევარი, სადაც განსაკუთრებულად ჩანს ფერმწერის ნიჭი, გამორჩეული უნარი და საკუთარი ხელწერის შეგრძნება.
_ჩვენი სეზონის გახსნა ბექა ხინთიბიძის გამოფენით შედგა. ეს არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა. მუდამ საუკეთესო მოსწავლე იყო. დაამთავრა ვახტანგ მამეშვილის სამხატვრო სკოლა. ის მუდამ აწყობდა გამოფენებს და უპირობოდ, მუდამ იყო გამარჯვებული. მას პროფესიულ დონეზე არ გაუგრძელებია სწავლა, თუმცა განსკუთრებულად შეძლო ჟანრობრივი განვითარება. მისი ხელწერა მუდამ გამორჩეულია, იგრძნობა იმპრესიონიზმის გავლენა, მუშაობს ყველა ჟანრში. საოცრად მუშა და პროდუქტიული ახალგაზრდაა და ამიტომ უნდა მივულოცოთ განსაკუთრებით და ვუსურვოთ დიდი წარმატებები, – თქვა სეზონის გახსნისას, სახვითი ცენტრის თანამშრომელმა ლია ურუშაძემ.
ცენტრის დირექტორმა, თავართქილაძემ განსაკუთრებული სიყვარულით ისაუბრა ახალგაზრდა მხატვარზე, რომელიც მისივე თქმით, მიდის იქეთკენ, რომ ოზურგეთს, საქართველოს დიდი მხატვარი ეყოლება, მისი სახით.
_ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა შემოქმედი ადამიანები. გვაქვს პროექტი, რომლითაც, ხდება ახალაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. ამ საქმეში ძალიან გვეხმარება მუნიციპალიტეტის მერია. ბექა მიდის იქეთკენ, რომ დამაჯერებლად წარმოაჩინოს თავისი ხელწერა. მხატვარი როცა ხატავს, ეს მისთვის ყველაფერია. მომგებიანი საქმეა სულიერად, თუმცა ხშირად ხდება რომ ნიჭიერი ადამიანები არაერთხელ ჩრდილში არიან. ამიტომ სჭირდებათ მათ ხელშეწყობა, მით უფრო ბექასნაირ, ძალზე თავმდაბალ ადამიანს, რომლის შემოქმედება საოცრად მეტყველი და განსაკუთრებულია, – თქვა მან.
_ზოგჯერ თვითნასწავლი, სხვის ნასწავლს სჯობს, – მოკლედ და ლაკონურად შეაფასა ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი, ხელოვანმა ვახტანგ მამეშვილმა.
ხოლო გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, თამაზ დარჩიამ ახალგაზრდა მხატვარს უნიჭიერესი, ძალზე პროდუქტიული და სწრაფად მზარდი ხელოვანი უწოდა.
_ ბექას „ავაზა“ ძალზე რიტორიკულადაა ჩასაფრებული, ნამდვილია. „ცხენები“ კი ჭიხვინებენ… ეს არის მაგალითი იმისა, როგორ იზრდება და ყალიბდება უნიჭიერესი მხატვარი. წარმატებები ვუსურვოთ მას, – თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ და საკრებულოს დეპუტატმა მარიკა ჩხიკვიშვილმა მიულოცეს ნიჭიერ მხატვარს პირველი პერსონალური გამოფენა და სახელისუფლებო რგოლისგან დახმარება აღუთქვეს.
_სათქმელი არაფერი მაქვს, _ მორიდებით თქვა ბექა ხინთიბიძემ „გურია ნიუსთან“ და თვალი ფრთხილად შეავლო თავის ნამუშევრებს.
ალბათ, ეს ფრაზა და ჟესტი გაცილებით ბევრს ამბობს რიდით სავსე, უნიჭიერეს ახალგაზრდა კაცზე.
გამოფენაზე მოსულ საზოგადოების წარმომადგენლებს, საჩუქრად გადასცეს ბექა ხინთიბიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის კატალოგი.
ავტორი