დღევანდელი წერილი-მოგონების მთავარი გმირი გამოჩენილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი გახლავთ. ალბათ გახსოვთ წინა საუკუნის 80-იანი წლები და მსოფლიო ჩემპიონის წოდებისათვის გამართული კარპოვი-კასპაროვის ორთაბრძოლები. ჩვენი მხარდაჭერა ახალგაზრდა ბაქოელ მოჭადრაკეს ეკუთვნოდა, რომელსაც უძლიერესი მეტოქის გარდა იმდროინდელი საბჭოთა კავშირის არაერთი უწყება ებრძოდა და ანატოლი კარპოვის წარმატებას ყოველგვარად ხელს უწყობდა. ბოლოს და ბოლოს, 1985 წელს, 22 წლის ასაკში კასპაროვმა წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონიც გახდა.
გავიდა წლები. კასპაროვმა მეტნაკლები წარმატებით საკუთარი ძალები დიდ პოლიტიკაშიც მოსინჯა.
დღეს მსოფლიოს რიგით მეცამეტე ჩემპიონი აშშ-ში ცხოვრობს, ვლადიმერ პუტინის აქტიურ ოპოზიციონერთა რიცხვს მიეკუთვნება და საყვარელ ჭადრაკსაც თავი პრაქტიკულად მიანება.
დღევანდელ წერილში გარი კასპაროვი საკუთარ ბიოგრაფიას თავადვე გაიხსენებს.
„მუსიკალურ ოჯახში ვიზრდებოდი და ალბათ, მეც ამ გზას გავყვებოდი ჭადრაკისადმი გამოვლენილი ინტერესი რომ არა. ბაბუაჩემი, მოისეი ვაინშტეინი ცნობილი კომპოზიტორი და ბაქოს ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, ბებია კი მუსიკას ასწავლიდა. მუსიკოსი იყო ბიძაჩემიც, მამაჩემის უმცროსი ძმა ლეონიდ ვაინშტეინი.
მამის დამსახურებაა მუსიკის ნაცვლად ჭადრაკის წრეზე რომ შემიყვანეს. რომ შემატყო, სმენა არ მქონდა, ერთ მშვენიერ დღეს ოჯახი შეკრიბა და გამოაცხადა: „ბავშვს კარგი ანალიტიკური უნარი აქვს. სჯობს ჭადრაკი ითამაშოს”! ამით დასრულდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი და დაიწყო სხვა, რომელიც დღემდე გრძელდება.
1970 წელს მამა მძიმედ დაავადდა – ლიმფოსარკომა დაუდგინდა. მალევე გარდაიცვალა. 39 წლის იყო, მე კი მხოლოდ 8-ის. ეს ის ასაკია, როცა ძნელია ყველაფრის აღქმა და გაგება, მაგრამ მისმა სიკვდილმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მაკლდა მამა.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საათი მაჩუქა. ეს 1971 წლის 1 იანვარს მოხდა. ამის შემდეგ ის აღარც მინახავს. მამას სურდა, რომ ჯანმრთელი დამემახსოვრებინა. არც დაკრძალვაზე წამიყვანეს. იფიქრეს, რომ ეს ჩემთვის მძიმე გადასატანი იქნებოდა.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემი აღზრდა ბაბუამ, დედაჩემის მამამ შაგენ კასპაროვმა იკისრა. ის პროფესიით მენავთობე იყო, კარგ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ პენსიაზე გავიდა და სულ ჩემთან იყო. მახსოვს, საათობით მესაუბრებოდა პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე… ჭადრაკს რაც შეეხება, გაკვეთილებზე ერთად დავდიოდით.
მამის გარდაცვალების შემდეგ ცოტა ხანში გვარი შევიცვალე. ეს ამბავი ოჯახურ საბჭოზე გადაწყდა. ვერ ვიტყვი, რომ აზერბაიჯანში ებრაული გვარის სომხურით გამოცვლას დიდი პრივილეგიები მოჰქონდა. ეს უფრო იმის მაჩვენებელი იყო, რომ დედის ოჯახში ვიზრდებოდი. მიუხედავად ამ ნაბიჯისა, მამის მხარესთანაც ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა მქონდა.
გვარის დაბრუნებაზე არასდროს მიფიქრია. გარი კასპაროვი – ეს უკვე ისეთი სიტყვათშეთანხმებაა, რომ ვეღარაფერი შეცვლის.
პირველი პროფესიონალური გაკვეთილები ბაქოს პიონერთა სასახლეში მივიღე. ჩემი პედაგოგი ოლეგ პრიტვორსკი იყო. სწავლა და ვარჯიში არ მეზარებოდა, ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი.
8-9 წლისა 18 წლისებს ვეთამაშებოდი, 16 წლიდან კი უფროსი ასაკის სპორტსმენებს. ხანდახან ძალიან მინდოდა ჩვეულებრივი ბიჭივით მეცხოვრა, თუმცა ალალად რომ ვთქვა, თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა ძალიან მიჭირდა. მსურდა მათთვის ჩემი განცდები, ფიქრები გამეზიარებინა, მაგრამ ბავშვები თავისნაირად ვერ აღმიქვავდნენ და ამის გამო ურთიერთობაში პრობლემები მექმნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდანვე წარმატებული ვიყავი, ჟურნალ-გაზეთები კი ხშირად წერდნენ ჩემზე, ოჯახში არ მანებივრებდნენ – დედას არ სურდა, რომ გავყოყოჩებულიყავი. ის ხშირად მიმეორებდა: „ყველა ადამიანი თავისებურად ნიჭიერია, ოღონდ ბევრი ვერ ამჟღავნებს ამას. შენ, უბრალოდ გაგიმართლა, რომ ეს უნარი ასე ადრე გამოავლინე. უბრალოდ გაგიმართლა”!
დიდ საჭადრაკო არენაზე პირველად 1973 წელს, ვილნიუსში გამოვედი. იქ საკავშირო ახალგაზრდული თამაშები ჩატარდა, მე კი აზერბაიჯანის ნაკრების შემადგენლობაში ვირიცხებოდი. ვილნიუსში ყველაზე პატარა მოჭადრაკე ვიყავი.
ვილნიუსში დედა თან მახლდა. ჩემი ჯანმრთელობის გამო ის მუდამ გვერდით მედგა. 9 წლის ვიყავი ექიმებმა რევმოკარდიტის დიაგნოზი რომ დამისვეს და მირჩევდნენ, არ გავცივებულიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში გულზე პრობლემები შემექმნებოდა. დედა ამიტომ დამყვებოდა მუდმივად – თავდაპირველად ნემსის გაკეთება მჭირდებოდა და ის ჩემთან ახლოს არავის უშვებდა.
ჭადრაკის გამო სკოლაში კარგა ხანს არ მივლია, თუმცა რაც საჭირო იყო, ყველაფერს ვსწავლობდი. სხვათა შორის, სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე, თუმცა გამოსაშვები გამოცდები არ ჩამიბარებია. რატომ? იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ვიყავი და მუდმივად საერთაშორისო ტურნირებში ვმონაწილეობდი. განათლების მინისტრის სპეციალური ბრძანებულებით, გამონაკლისი დაუშვეს და სკოლის ოქროს მედალი გამოცდების გარეშე გადმომცეს. იმავე 1980 წელს კიდევ ორი ოქროს მედალი მოვიპოვე: იუნიორთა შორის მსოფლიო პირველობისთვის და მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის.
ირგვლივ მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეხმარებოდნენ, რომ სწორად დამენახა მოვლენები, რაღაცას მასწავლიდნენ, ანალიზში მეხმარებოდნენ. პირველ რიგში ეს იყო დედა, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი მასწავლებელი გახლდათ. ცხადია, საბოლოო არჩევანის უფლებას ყოველთვის მე მიტოვებდა, მაგრამ ყველა წამოწყების განხორციელებაში ჩემს გვერდით იდგა და რაც მთავარია, ყველა პირობას მიქმნიდა, რომ თავი უკეთ, კომფორტულად მეგრძნო.
1973 წელს მიხეილ ბოტვინიკის საბავშვო-საყმაწვილო დაუსწრებელ სკოლაში ჩავირიცხე. ის განსაკუთრებული ადამიანი, საბჭოთა საჭადრაკო სკოლის პატრიარქი იყო. პირველად როცა ვნახე, კულტურული შოკი მივიღე. თავის მოსწავლეებს წელიწადში ორჯერ გვკრებდა, ანგარიშს ვაბარებდით და ახალ დავალებებს ვიღებდით. ბატონი მიხეილი განსაკუთრებულად მექცეოდა და ჩემს მომზადებას და ფორმირებას უზარმაზარ ენერგიას ახმარდა. მისგან შეუზღუდავი მხარდაჭერა მქონდა, ყოველი ტურნირის შემდეგ კი შემოქმედებითი ანგარიში უნდა წარმედგინა მისთვის.
სკოლის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე. მასწავლებლები დედას ურჩევდნენ მათემატიკას, ლიტერატურას, ისტორიას გავყოლოდი… საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩემთვის ყველაზე სასარგებლო უცხო ენების დაუფლება იყო. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შინაგანაც მაინც ჰუმანიტარი ვარ: მიყვარს ლიტერატურა, ფილოსოფია, ისტორია, კამათისა და დებატების ლოგიკა. კონცეფციის ჩამოყალიბება უფრო მაინტერესებს, ვიდრე ფუნდამენტური მეცნიერებები. ჭადრაკი ამ ყველაფერში ძალიან მეხმარება.
პირველად საზღვარგარეთ 1976 წელს გავემგზავრე – საფრანგეთში. იმ წლებში ასე იყო – ვიდრე სოციალისტურ ქვეყანაში არ გავიდოდა ადამიანი და თავის სანდოობას არ „დაამტკიცებდა”, იქამდე კაპიტალისტურში არ უშვებდნენ. მე კი გამიმართლა – თავიდანვე შუაგულ ევროპაში აღმოვჩნდი!
ადრე ასეთი ჩვევა მქონდა: ყოველი გამგზავრების წინ საფუძვლიანად ვემზადებოდი – ვკითხულობდი იმ ქვეყნის შესახებ, სადაც მივდიოდი. საფრანგეთში წასვლამდე სკოლიდან პარტიის რაიონულ კომიტეტში გასაუბრებაზე წამიყვანეს. იქ ვიღაც ქალს შევხვდი, ძალიან სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და რაღაცებს მეკითხებოდა. მასთან გასაუბრების შემდეგ სასურველი რეკომენდაციაც მივიღე.
საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში ვიყავით, პარიზში კი მხოლოდ ორი დღე გავჩერდით. მიუხედავად ასეთი მცირე დროისა, ეს ჩემთვის საკმარისი გამოდგა, რომ კარგად დამენახა განსხვავება იმ სამყაროსა და საბჭოთა კავშირს შორის. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი. შთაბეჭდილება ასეთი მძაფრი ალბათ, იმიტომ იყო, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთს კიდევ არაერთი დასავლური ქვეყანა მოჰყვა, იქ დარჩენაზე არასდროს მიფიქრია. ოჯახური ფესვები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ახლაც ასეა.
სახლში რომ დავბრუნდი, ლიტერატურის მასწავლებელმა მოგზაურობაზე თავისუფალი თემა დამაწერინა. ყველაფერი აღვწერე, რასაც ვფიქრობდი და რაც დამამახსოვრდა. ისიც, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა – პარკებში ხალხი თავისუფლად იქცეოდა, სეირნობდნენ, მწვანე მოლზე პიკნიკებს აწყობდნენ და რაც მთავარია, არსად იყო წარწერა: „ბალახზე არ გაიაროთ”!
საფრანგეთში წასვლის წინ ბიძაჩემმმა მთხოვა, იქაური სიგარეტი ჩამომიტანეო. ცოტა ფული დამრჩა და ვუყიდე. აღმოჩნდა, რომ უფილტრო ჩამომიტანია, არ მახსოვს „ქემელი” იყო თუ „ვინსტონი”. ამაზე ბიძაჩემმა ბევრი იცინა, მაგრამ სიამოვნებით მოწია.
იმის გამო, რომ ადრეული ასაკიდან დავიწყე მოგზაურობა, მალევე გამიქრა ყველა ილუზია იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ვცხოვრობდი.
ბაბუა პარტიული იყო და გულწრფელად სწამდა იმის, რასაც ემსახურებოდა. ჩვენ გამუდმებით ვკამათობდით. ძალიან განიცდიდა, როცა რაიმეს გაკრიტიკებას ვიწყებდი ან როცა „ამერიკის ხმას” ვუსმენდი. თუმცა, 80-იანი წლების მიწურულს არგუმენტირებულად კამათიც უჭირდა, რადგან ნათლად ხედავდა, საით მიექანებოდა ქვეყანა. როცა პროდუქტებზე ტალონები დააწესეს, შოკირებული იყო. ახლა კარგად მესმის მისი – ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ ის, რისიც სწამდა და მთელი ცხოვრება ემსახურებოდა, ილუზია, მეტიც, სიცრუე ყოფილა! ამან ფსიქოლოგიურ ჩიხში მოაქცია და საშინლად განიცდიდა. ცხადია, ეს მძიმე დარტყმა იყო ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გულანთებული შრომობდა.
უცხოეთში ხშირი მოგზაურობის გამო, ცხადია, უშიშროების ყურადღებიც ცენტრში ვიყავი. აზერბაიჯანის სუკ-ის პოდპოლკოვნიკი ლიტვინოვი ყველგან ჩემთან ერთად მგზავრობდა, თანამშრომლებიც რეგულარულად მამოწმებდნენ… მიუხედავად ამისა, დიდად შეწუხებული არ ვიყავი, რადგან პირადად აზერბაიჯანის ნომერ პირველი კაცი, ჰეიდარ ალიევი მფარველობდა. მისი თანადგომა იმის გარანტია იყო, რომ ზედმეტად არ შემაწუხებდნენ.
მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, 22 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი სიხარული იყო. საჩემპიონო მატჩის შემდეგ ტიგრან პეტროსიანის ქვრივმა რონა პეტროსიანმა უცნაური რამ მითხრა: „გარი, ძალიან მებრალებით”! ვკითხე, რატომ-მეთქი. „იმიტომ, რომ ყველაზე ბედნიერი დრო უკან მოიტოვეთ”!
ვთვლი, რომ ჩემპიონის სახელი ადრე უფრო ფასობდა. საჭადრაკო გვირგვინი ჩემს ახალგაზრდობაში განსაკუთრებული რამ იყო.
ყველაზე დიდი ტიტული ძალიან სწრაფად მოვიგე და ამის გააზრებაც მიჭირდა! საჩემპიონო მატჩი დაძაბული და მოვლენებით დატვირთული იყო. ეს იყო არამარტო საჭადრაკო ორთაბრძოლა, არამედ სისტემასთან ბრძოლაც. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი მეტოქე ანატოლი კარპოვი, ასე ვთქვათ „საბჭოთა სისტემის” კაცი იყო, ჩემი პერსონა კი რევოლუციურ სულთან და განწყობასთან იყო გაიგივებული. ჩემთვის ეს სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გახლდათ. ჩემი გამარჯვება საბჭოთა კავშირში მცხოვრები ადამიანებისთვის იმის სიგნალი იყო, რომ სისტემაზე გამარჯვება შესაძლებელია.
1985 წელს საბჭოთა კავშირში ყველაფერი გარდაქმნისკენ მიდიოდა, ბევრი რამ იცვლებოდა. სწორედ ეს გარდაქმნები დამეხმარა გადამელახა უამრავი ბარიერი, რომელიც გზადაგზა მხვდებოდა. ეს გამარჯვება საბჭოთა კავშირში დიდ მოვლენად იქცა. უამრავი წერილი მომდიოდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან, გამარჯვებას მილოცავდა დიდი თუ პატარა.
ჩემი შეხედულებების გამო ბევრი ახლობელი ვეღარ მიგებდა. 1987 წელს ჩემსა და ბოტვინიკს შორის, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ბზარი გაჩნდა. გარდაქმნის პერიოდმა მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. ბოტვინიკი მაინც ღრმად საბჭოური, სტალინური ტიპის ადამიანი იყო, ამიტომ მისთვის ჩემი პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა. ის ვერ იგებდა, არ სურდა გაეგო და მიეღო ბრეჟნევისეული ქვეყნის სტანგაცია. ყველაფრის მიუხედავად, მეგონა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უამრავი მცდელობის მიუხედავად, მისთვის მაინც არასწორი ვიყავი და მე ამას ძალიან განვიცდიდი.
80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად ვმონაწილეობდი პოლიტიკურ მოვლენებში. იმ პერიოდში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი გავიცანი, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მასთან საუბრებმა ბევრი რამ სხვა კუთხით დამანახა.
1997 წელს ნიჟნი ნოვგოროდში საერთაშორისო ტურნირი მოვიგე. პირველად მაშინ დავფიქრდი სპორტიდან წასვლაზე. კიდევ რამდენ ხანს უნდა მეთამაშა, რას ველოდი ჭადრაკისგან? ეს კითხვები დიდხანს მაწუხებდა, 2004 წელს კი, რუსეთის ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ, წერტილიც დავსვი. როცა ოქროს მედალი გადმომცეს, ჩემს 8 წლის ბიჭს დავკიდე მკერდზე და საჭადრაკო კარიერაც ფსიქოლოგიურად მაშინ დავამთავრე.
ჭადრაკი საუკეთესო მასწავლებელია. ამ თამაშის წყალობით გავიუმჯობესე ლოგიკა, დავეუფლე წესებით თამაშს, გამიათკეცდა პასუხისმგებლობის გრძნობა და ვისწავლე პრობლემების მოგვარება.
ჩემი ამჟამინდელი მეუღლე დაშა სანკტ-პეტერბურგში გავიცანი, სადაც ის სწავლობდა. სატელევიზიო გადაცემაში მიმიწვიეს, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი ამზადებდა. დაშა ჩემგან ინტერვიუს იღებდა. მაშინვე მომეწონა და სადღაც დავპატიჟე. მალე მივხვდი, რომ ის ჩემი ცხოვრების თანამგზავრი უნდა გამხდარიყო. დაშა ყველაფერში მეხმარება – ძალიან კარგი ორგანიზატორული თვისებები აქვს, ზუსტად ისეთი, როგორც დედაჩემს. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ, კარგი ტანდემი ვართ და ეს მხოლოდ მიხარია.
სამი შვილი მყავს, სამივე სხვადასხვა ქორწინებიდან, თუმცა სამივე ჩემს გვარს ატარებს. უფროსი ქალიშვილი პოლინა დედასთან ერთად 1995 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. საუკეთესო მოსწავლეა, რამდენიმე ენას ფლობს, შრომისმოყვარეა და მიზანსწრაფული. შუათანა ვადიმი მოსკოვშია, თვითმფრინავები და ავტომობილები იტაცებს, მაღალი, ათლეტურია. უმცროსი აიდა ნიუ-იორკში დაიბადა. შვილებიდან ყველაზე მეტად უმცროსი მგავს.
ვცდილობ ყურადღებიანი მამა ვიყო და შვილებთან კონტაქტი მქონდეს. ყველაზე დიდ დროს, რა თქმა უნდა უმცროსთან, აიდასთან ვატარებ, რადგან ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ არც უფროსებს ვაკლებთ ყურადღებას. წელიწადში რამდენიმე თვე ამერიკაში ვარ, ლექციებს ვკითხულობ მაიამიში, სან-ფრანცისკოში, სენტ-ლუისში… რამდენიმე წლის წინ პირველად შევძელი და საახალწლოდ სამივე შვილი ნიუ იორკში შევკრიბე. მე, დედა და ბავშვები „ტრავიატაზე” წავედით. საოცარი შეგრძნება იყო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხოვრებაში ოჯახი მთავარია!
ჭადრაკიდან წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ თამაში შევწყვიტე. დღესაც სიამოვნებით ვთამაშობ საჩვენებელ ტურნირებში. ეს ცხოვრებით ტკბობაში მეხმარება!
ძალიან დიდი ხანია რუსეთის პარლამენტი მარიონეტების თეატრს დაემსგავსა. დეპუტატები მართვადი თოჯინები არიან, მათ თავისუფალი ნება არ გააჩნიათ – კრემლიდან მიღებულ ბრძანებებს ემორჩილებიან და მეტი არაფერი შეუძლიათ!
ვინ არის ვლადიმერ პუტინი? რუსი ალ კაპონე.
რაც უნდა უიმედო იყოს სიტუაცია, გამოსავალი უნდა ეძებო. ყველაზე ცუდი ისაა, მშვიდად იჯდე და აღსასრულს ელოდო. რომ იცოდეთ რამდენჯერ მომიგია წასაგებად განწირული პარტია!
შემტევითი თამაშის მოყვარულებმა ხანდახან შეიძლება ინანონ კონკრეტული ნაბიჯის გამო, მაგრამ ამაზე უარესია, თუ შეტევა შეგიძლია და უარზე ხარ.
როგორია ჩემი სათამაშო სტილი? ამაზე სჯობს სხვებმა ისაუბრონ, მაგრამ თუ მაინცა და მაინც ჩემი აზრი გაინტერესებთ, მას ალიოხინის, ტალის და ფიშერის სტილის ნაზავს ვუწოდებდი.
ალიოხინი ჩემი პირველი კერპი იყო. წლების შემდეგ, როცა უამრავ შეჯიბრებას ვიგებდი, ხშირად ვუბრუნდებოდი მის პარტიებს, ისევე, როგორც უინსტონ ჩერჩილის წიგნებს. სხვათა შორის, ჩერჩილს იდეალურ პოლიტიკოსად მივიჩნევ!
ჭადრაკი მუდმივად ვითარდება. ცხოვრების მანძილზე ათიათასობით ვარიანტზე მიფიქრია, ასობით კომბინაცია დღემდე ვიცი, ახლაც შემიძლია ბევრი დიდოსტატი დავამარცხო, მაგრამ საბოლოო ჯამში მეც და სხვა ჩემპიონებიც ერთთან – დროსთან ვაგებთ. ჭადრაკში დრო მუდმივი ჩემპიონია!“
ავტორი