ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ანგარიშის პრეზენტაციისას იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობაა.
„დღეს რუხიდან 1 წლის ანგარიშს ვაბარებ მთელ საქართველოს, ამიტომ, მივმართავ, როგორც ენგურს აქეთ, ისე მის მიღმა მყოფ ჩვენს თანამემამულეებს – მე ანგარიშვალდებული ვარ თითოეული თქვენგანის წინაშე!” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ
უწყების ხელმძღვანელმა კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
„ამ ომში შეუფასებელია ჩვენი ექიმის, ექთნების, სანიტრებისა და მოხალისეების წვლილი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და მათ, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის, განსაკურებული მადლობა გადავუხადო.
აქვე, მსურს, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო იმ საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც პანდემიის პირველი წუთიდან გვერდში გვიდგანან და თავიანთი წვლილი შეაქვთ მსოფლიო გამოწვევის დაძლევის პროცესში.”-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.