“თითქოს ყოველ დღე ობლდება ჩემი პატარა ქალაქი” _ მძიმე ემოციები მოჰყვა კოვიდინფექციის შედეგად ლანჩხუთში კიდევ ერთი ექიმის გარდაცვალების ფაქტს.
“ამ დროს ვფიქრობ, სად ხარ, უფალო?! რატომ?! ეს ხომ უსამართლობაა!!! ქეთინო ექიმი აღარ ჰყავს ჩემს პატარა ქალაქს… კეთილი, თბილი, ყურადღებიანი, ყველას იმედი, ჩემი ოჯახის იმედი, თავისი ოჯახის დედაბურჯი. გული მტკივა საშინლად… ასე არ უნდა ხდებოდეს… უფალო, დაუმკვიდრე სასუფეველი ცათა, მის ოჯახს კი გამძლეობა და არა მარტო ოჯახს, ყველას, თითოეულ ლანჩხუთელს”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ლანჩხუთელმა თამრიკო ჩხაიძემ.
15 აპრილს, კორონავირუსის შედეგად, ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის პედიატრი ქეთევან კალანდარიშვილი გარდაიცვალა. იგი ჯერ ფოთის კლინიკაში, ბოლოს კი თბილისში გადიოდა მკურნალობას, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლანჩხუთში, ბოლო რამდენიმე დღეში, კოვიდის შედეგად მედიკოსის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. ერთი თვეც არ არის გასული, რაც კორონავირუსით ექიმი ნანა ცინცაძე დაიღუპა. კიდევ ერთი კოლეგის გარდაცვალება ლანჩხუთის სამედიცინო სფერომ საკმაოდ მძიმედ აღიქვა. მათთვის მტკივნეული და ძნელია კოლეგაზე, რომელიც ვირუსს ემსხვერპლა, წარსულში საუბარი.
“ჩვენ სიკვდილმა დაგვამუნჯა. ჩვენს პატარა ერთ მუშტად შეკრულ ოჯახს, სადაც თითოეული ჩვენგანის სატკივარი ყველას სატკივარი იყო, მუხანათმა სიკვდილმა ორი უახლოესი მეგობარი, ჩვენი ავტორიტეტი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმები, ჯერ _ ნანა, ახლა ქეთინო ექიმი წაგვართვა.
ჩვენო საყვარელო ქეთინო, ფეხდაფეხ მივდევდით შენს დაავადებას. შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედი გაუმჯობესებაც გვიბრუნებდა ცხოვრების ხალისს. ჩვენთვის საკმარისი იყო ერთი მეგობრის დაკარგვა. გვჯეროდა, რომ შენს მტკიცე, მებრძოლ სულს და ჯანმრთელ ორგანიზმს ეს ვერაგი ვირუსი სიცოცხლეს ვერ წაართმევდა.
მუხანათო სიკვდილო, ორი საუკეთესო ექიმი, ლანჩხუთის ღირსეული ქალბატონები წაგვართვი.
კიდევ ერთი ექიმის ლამაზი სული გადასახლდა იმიერში…” _ ასე ეხმაურება მომხდარ ფაქტს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის კლინიკური მენეჯერი თინათინ გოგუაძე.
“რატომ წახვედი, ქეთი! როგორ მიმძიმს, ჩემო მეგობარო, გულისხმიერო პროფესიონალო, პაციენტების სათაყვანებელო ექიმო, კარგო მეგობარო და დასაყრდენო ადამიანო. არ შემიძლია უკვე ცრემლების გარეშე გავიხსენო ჩვენი კურსელობა, ერთ კაბინეტში მუშაობის წლები. რატომ, გოგო, რატომ?! რა დაუნდობლად მოგვექცა, ოღონდ, აღარ ვიცი ვინ ან რა. ჯერ _ ნანა, ახლა _ შენ. რამდენი ტკივილი გადავიტანოთ ჩვენ _ ექიმებმა, ჩვენმა მედპერსონალმა…” _ დაწერა ექიმმა ნონა მურვანიძემ ფეისბუქზე.
სხვათა ჯანმრთელობისთვის მზრუნველი ექიმის გარდაცვალება მტკივნეულად აღიქვა ლანჩხუთის საზოგადოებამაც. ლანჩხუთელები ქეთინო ექიმის მიმართ თბილ და ცრემლნარევ სიტყვებს არ იშურებენ.
“კიდევ ერთი ექიმი დავკარგეთ. ერთად ავანთეთ სანთლები ჯიხეთში გასულ წელს, 4 დეკემბერს, ტაძრის დღესასწაულზე… ერთად წამოვედით და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ… მერე მისი ავადმყოფობის შესახებ შევიტყვეთ… ახლაც ყურში მესმის, გასულ კვირას, წირვაზე, მრევლის ერთიანი ვედრება: ქეთინო ექიმი გადაგვირჩინე, უფალო! მჯერა, მისი სული ნათელში დაივანებს”, _ დაწერა ფეისბუქზე მერიის თანამშრომელმა მაკა სულაბერიძემ.
“ვფიქრობ ამდენი ხანია, რა შეიძლება ვთქვა, ქეთინო, შენზე. ზუსტად ვიცი, რომ, რაც უნდა დავწერო, ახლოსაც კი არ იქნება იმასთან, რასაც იმსახურებ. რაც კი კარგი შეიძლება ჰქონდეს ქალს, ყველაფრით შემკული იყო ჩვენი ქეთინო ექიმი. შემდგარი, განათლებული ქალი, ერთგული მეუღლე, ულამაზესი ოჯახის ქალი, არაჩვეულებრივი შვილების მოსიყვარულე დედა, საუკეთესო მეზობელი და რაც მთავარია, ჩვენთვის უსაშველოდ დიდი იმედი. უბნის ბავშვების და არა მარტო, პერსონალური პედიატრი, ყურადღებიანი და სანდო. როგორ ვგულშემატკივრობდით, როგორ გვეიმედებოდა, რომ “გამოძვრებოდა” ამ საშინელი ვირუსისგან და როგორ გაგვიცრუვდა მოლოდინი… ძალიან საყვარელო და თბილო გოგონებო, ანუკა და ნინი, ჩვენო სერგო, მთელი ჩვენი უბანი ვწუხვართ და თანაგიგრძნობთ ამ უსაშინლეს ტრაგედიას! ჩვენ დიდი იმედი დავკარგეთ”, _ ეს კიდევ ერთი ლანჩხუთელის, ირმა მგელაძის სიტყვებია, რომელიც უბნის სახელით ემოციურად დაემშვიდობა ქეთინო ექიმს.
“გურია ნიუსი” თანაუგრძნობს ოჯახს, ლანჩხუთს, მთელ საქართველოს კიდევ ერთი ექიმის, პროფესიონალის, საუკეთესო ადამიანის გარდაცვალების გამო.