“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც 5 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოძალადე ჯგუფებისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს, ძლიერი ტკივილები აწუხებდა, სახის ძვლები კი ჩამტვრეული ჰქონდა.
“დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე. ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.
კონკრეტულად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამას სავარაუდოდ ექსპერტიზა დაადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას ცხედარი დედამ დილით საკუთარ სახლში იპოვა.
წყარო: რუსთავი2