,,ევროპული საქართველოს“ წერი ირმა ნადირაშვილი საგზაო დეპარტამენტის თავმჯომარესა და მოადგილეებს კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც ნადირაშვილი აცხადებს, უწყებაში ფულის კეთების მძლავრი მექანიზმი არსებობს.
,,საგზაო დეპარტამენტში მაღალი დონის ტოტალური კორუფცია არსებობს, უწყებაში მუშაობს ფულის კეთების ძალიან ორიგინალური სქემა, როდესაც დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მასობრივად გადადიან სამუშაოდ იმ კომპანიებში, კერძო კომპანიებში, რომელთაც ამავე დეპარტამენტის ტენდერები აქვთ მოგებული. მაგალითად, ზაზა სიმონია, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სამუშაოდ გადავიდა ჩინურ კომპანია ,,სინო ჰიდროში“. ამ კომპანიამ 253 მილიონიანი ტენდერი მოიგო, მეორე მოადგილე ირაკლი ხერგიანი ასევე გადავიდა კომპანიაში ,,დოჰვა ინჟინერინგში“, გივი ჩოჩია სამუშაოდ გადავიდა თურქულ კომპანიაში, რომელიც ასევე არა ერთ ტენდერშია გამარჯვებული და მათ შორის ბათუმის შემოვლით გზას აშენებს. საგანგაშო ფაქტი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იყვნენ სატენდერო კომისიის წევრები და უშუალოდ მიიღეს გადაწყვეტილება ტენდერში გაემარჯვა იმ კომპანიებს, სადაც შემდგომში სამუშაოდ გადავიდნენ. ეს სქემა თავისუფლად შეგვიძლია ჩავთალოთ დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი სეთურიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუთ“, – განაცხადა ნადირაშვილმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ,,გურია ნიუსთან“ საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
,,ჩვენთვის ცნობილია იმ დაინტერესებულ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც რამდენიმე კვირაა მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. ბრალდებები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მინდა გითხრათ, რომ არ არღვევს არანაირ კანონს და საფუძველს მოკლებულია. აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება სხვა ბრალდებებს, ბევრჯერ გავეცი პასუხი. ასე რომ, მინდა დაგიდატუროთ, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ რაიმე არასწორად ხდება, ამას მუდამ დიდი ინტერესით განვიხილათ, მაგრამ ცილისწამებაზე, რომელიც ფაქტებს მოკლებულია, კომეტარს ვერ გავაკეთებ.
ძალიან ბევრი რანგის თანამდებობის პირი გადასულია კერძო კომპანებში სხვადასხვა დროს, მათ შორის, ისინი, ვინც ამ ბინძურ კამპანიაში არიან ჩართულები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში კანონი არ დარღვეულა და ეს არის სპეკულაციის საგანი, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“ , _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან“ გიორგი სეთურიძემ.