საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არასწორია _ “გურია ნიუსთან” საუბრისას სეთურიძე აღნიშნავს, რომ მისთვის ზურაბ ალავიძის წასვლის შესახებაც არაფერია ცნობილი:
_ მეც მედიით გავიგე და არაფერი ვიცი მეტი. დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას და განმარტებას. რაც შეეხება ჩემს წასვლას, არსად არ მივდივარ და გივი თარგამაძის და ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლესთან ახლოს არ არის, _ გვითხრა სეთურიძემ.
_ ბატონო გიორგი, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ალავიძის გადადგომა უკავშირდება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გზების დეპარტამენტში კორუფციულ ფაქტებს აქვს ადგილი.
_ არ ვიცი, მიდის თუ არა ბატონი ზურაბი. ჩემთვის ოფიციალურად არ აროს ამის შესახებ ცნობილი და ეს რომ ასეც იყოს, დამერწმუნეთ, ჩვენთან შეხება არ აქვს. არანაირი კორუფცია აქ არ არის და ეს არაფერ კავშირში არ არის მინისტრთან.
_ ზურაბ ალავიძემ მართლაც რომ დატოვოს თანამდებობა, თქვენ რას იზამთ _ დარჩებით?
_ რატომ უნდა წავიდე? ჩვენი დეპარტამენტი მუშაობს კარგად და ამ მუშაობის შედეგი არის გამოხატული ციფრებში, რომლებიც ყველაფერზე სხვა რამეს ამბობს. ვმუშაობთ კარგად და საგზაო დეპარტამენტი ერთგვარი ბრენდია.
სეთურიძის თქმით, დეპარტამენტში ყველა თეთრი კანონიერად იხარჯება და უწყებაში არავინ არავის აფარებს ხელს.
საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ამბობს, რონ მისი მუშაობა გამჭვირვალეა და ნებისმიერ პირს შეუძლია ამის გადამოწმება.