“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, აბასთუმანში, ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
ცხედარი, გუშინ, 21 აგვისტოს, საღამოს საათებში, ტყეში ნახეს.
როგორც აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, ვაჟა ყულიჯანიშვილი ამბობს გარდაცვლილი ობსერვატორიაში არ ისვენებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირი სამცხე-ჯავახეთიდან არ არის, იგი სხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტის, დავით მერაბიშვილის განცხადებით, „ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, არ ვიცით, რა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული თავის არეში. გარდაცვლილი 1999 წელს იყო დაბადებული“,- გვითხრა მერაბიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


































































