ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი 13 წლის გოგო მარიტა მეფარიშვილია. 13 წლის გოგო 55-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის დილით მეგობრებთან ერთად ვაკის პარკში იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგო ბიჭების დასახმარებლად შევიდა შადრევანში.
ბავშვებს დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის მარიტას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.