აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს შემოიღოს “ოქროს ბარათები”, რომლებიც მყიდველს აშშ-ში მუდმივ ბინადრობას მიანიჭებს და გზას გაუხსნის მოქალაქეობისკენ, _წერს axios.com.
„ამ ბარათს მდიდარი ადამიანები შეიძენენ, ეს მდიდარი ადამიანები ჩამოვლენ ჩვენთან, წარმატებულები იქნებიან, დიდ ფულს დახარჯავენ, გადასახადებს გადაიხდიან და უამრავ ადამიანს დაასაქმებენ. შეერთებულ შტატებს შეუძლია გაყიდოს მილიონი ან მეტი „ოქროს ბარათი“, _ თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, პროგრამა ორ კვირაში ამოქმედდება.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ტრამპი რუსი ოლიგარქებისთვის „ოქროს ბარათების“ მიყიდვას, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, შესაძლებელია. მე ვიცნობ რუს ოლიგარქებს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.
ტრამპის მიერ შემოთავაზებული „ოქროს ბარათები“ ჩაანაცვლებს არსებულ EB-5 პროგრამას, რომელიც 1992 წელს დაიწყო, მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი, შეუძლია თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას დაასრულოს ან შეცვალოს არსებული პროგრამა კონგრესის თანხმობის გარეშე.
თავად ტრამპი, როგორც ბლუმბერგი წერს, არ მიიჩნევს, რომ ამისთვის კონგრესის თანხმობა აუცილებელია. სააგენტო აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს სურს, აშშ-ში ლეგალური იმიგრაციის გზები ღია იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ახორციელებს არალეგალური ემიგრანტების ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეპორტაციას.