ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია დღეს ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ბოკერიას რეპლიკა ბექა ნაცვლიშვილის გამსვლას მოჰყვა, რომელმაც ეკონომიკის ახალი მინისტრობის კანდიდატ გიორგი ქობალიას ხედვებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„იმ ანალიზს, რომელიც თქვენ გააკეთეთ, აბსოლუტურად ვიზიარებთ და ვეთანხმებით, მიზნებსაც, ჩვენი მხარდაჭერაც გექნებათ. უბრალოდ მაინც მაქვს რამდენიმე კითხვა. როცა ინკლუზიურ ზრდაზე ვსაუბრობთ, ბიუჯეტის შევსება ხდება არა მაღალშემოსავლიანების მხრიდან, არამედ დაბალშემოსვალიანების მხრიდან. რაც არ უნდა რეფორმა გავატაროთ, ეს საგადასახადო სტრუქტურა თუ არ შევცვალეთ, გადანაწილებაზე მხოლო და მხოლოდ თეორიული მსჯელობა იქნება. გადანაწილების სხვა მექანიზმი არსებობს, ესაა ბრძოლა დასაქმებულთა ორგანიზაციების მხრიდან. თქვენ გაამახვილეთ ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის აღმოფხვრას როგორ ვაპირებთ, იმიტომ რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც სწრაფად განვითარდნენ, იყო დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, მაგალითად, განვითარების ბანკი”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
რის შემდეგაც გიგა ბოკერიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის წამყვანს ჰკითხა, „რამე იდეოლოგიური ტესტი ხომ არ არსებობს, რომ ტროცკისტულ გამოსვლებზე და ნაციონალიზაციაზე ლიმიტი არ არის და სხვებზე არის“. მას შემდეგ, რაც რომან კაკულიამ ეთიკის ფარგლებში მსჯელობაზე მიუთითა, ბოკერიამ აღნიშნა, რომ არაეთიკური არაფერი უთქვამს, ვინაიდან ბექა ნაცვლიშვილისთვის ტროცკიზმი არის კომპლიმენტი.
რასაც ნაცვლიშვილმა ბოკერიას საპასუხოდ ჰკითხა, „ტროცკი უფრო კაი ტიპი იყო თუ „კასტილიანი” კაცი რომ გყავდათ, რომელიც ხალხს აუპატიურებდა?”
„გონებრივი თვალსაზრისით, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ რაც ხართ ინტელექტუალური თვალსაზრისით, იმაზე ჭკვიანი ნამდვილად იყო ტროცკი, დამერწმუნეთ. ტროცკი უფრო კაი ტიპი იყო თუ „კასტილიანი“ კაცი რომ გყავდათ, რომელიც ხალხს აუპატიურებდა, ერთი ეგ მითხარი“, – განაცხადა საპასუხოდ ბექა ნაცვლიშვილმა.