წაჩხურობა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში აღინიშნება აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.
ამ დღეს, მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მოსალოცად მთელი საქართველოდან მიდიან და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს ეკლესიაში მიაქვთ პატარა აკვნები თოჯინებით. ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის.
გარდა მთხოვნელებისა, ტაძარს მადლიერი წყვილებიც სტუმრობს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი და მათი ლოცვა შეისმინა უფალმა. მოდიან, მოჰყავთ შვილები, ესწრებიან წირვას და თავიანთ აკვნებს შვილისთვის მლოცველ წყვილებს ჩუქნიან.
– 7 წელი არ მყავდა შვილი, სიწმინდის მოლოცვის შემდეგ, მეორე წელს შვილით ამოვედი და ჩემი აკვანი მლოცველ წყვილს ვაჩუქე.
– 2 წელი ფეხშიშველი ამოვდიოდი, დღესაც ფეხშიშველი ამოვედი, ოღონდ შვილთან ალექსანდრესთან ერთად, უფალმა შეისმინა ჩემი ლოცვა…
– მესამეჯერ ამოვედი, როცა მადლიერ წყვილებს ვხედავ გული იმედით მევსება, მჯერა რომ უფალი ჩემს ლოცვასაც შეისმენს…
მე ვიღებდი, ვუსმენდი და გულში ვლოცულობდი, ახდენოდათ ამ წყვილებს ნატვრა… _ წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი იამზე ვაჩეიშვილი და ძალიან ემოციურ ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს.