უამინდობამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურში. როგორც “გურია ნიუსს” დუმბაძის 24-ში მდებარე მარავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან შეატყობინეს, ადიდებული მდინარე ორპირა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლის ქვეშ მიედინება.
“თუ ჰყავს ვინმე პატრონი რაიონს, მოგვხედონ. რამდენჯერ მივმართეთ განცხადებით, მაგრამ შედეგი არაფერმა გამოიღო. მოვლენ, გადახედავენ-გადმოხედავენ, წავლენ. ვფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსის მცხოვრებლებს ოპოზიციონერებად მოგვიაზრებენ, რატომ ესეც არ ვიცით, მაგრამ რა უბედურებაა პოლიტიკური შეხედულების მიხედვით ადამიანების დაყოფა. თუ ოპოზიციონერები ვართ, ამიტომ უნდა წაგვიღოს წყალმა და დაგვეხრჩონ ბავშვები. ვინმემ მოგვხედოს, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ბინის ერთ-ერთი მცხოვრები.
პრობლემაზე სასაუბროდ “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა. კუჭავას თქმით, აბსურდია ბრალდება, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო არ ეხმარებიან ვინმეს.
“მაგ ტერიტორიაზე გაკეთებულია დიდი პროექტი, მოწესრიგდება ორპირას ნაპირები და მოეწყობა ბულვარი, მაგრამ ეს წელს ვერ განხორციელდება. ასეთ დროს უნდა დარეკონ მერიაში, ჩვენი კომისია გავა ადგილზე, დასურათდება მდგომარეობა და მოვითხოვთ სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯებში. ამ შემთხვევაში ახლავე გავლენ ჩვენი სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე. ხოლო რაც შეეხება პოზიცია-ოპოზიციად ადამიანთა დაყოფას და ამ ნიშნით დახმარებას, ეს არის აბსურდი. არასოდეს გაგვირჩევია ადამიანები. შეგიძლიათ თუნდაც მაგ ქუჩაზე იკითხოთ, რამდენჯერ დავხმარებივართ იმ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებს, თითონ რომ მოიაზრებენ თავს ოპოზიციონერებად, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერმა.