,,პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის და ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში“ – ამის შესახებ წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ, ბათუმსა და ზუგდიდში “ქართული ოცნების” ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ბიუჯეტი პარტიული ფინანსების წყაროდ მიაჩნია და ცდილობს, მოქალაქეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს.
“ის, რაც დღეს ხდება ბათუმსა და ზუგდიდში, ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტი მიაჩნია პარტიული ფინანსების წყაროდ და არ ემეტება, ეს საკითხი გადაწყვიტოს ხალხმა, ანუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულოებმა. სწორედ ეს პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და “ქართულ ოცნებას” შორის და ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში.
2022 წლის ბიუჯეტის ახლადარჩეული საკრებულოსთვის ჩამოშორება გახლავთ ის გზა, რითაც “ქართული ოცნება” აგრძელებს, მას არ უნდა ცვლილებები, დემოკრატია, მოქალაქის შემოყვანა პროცესში. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა დავიბრუნოთ თვითმმართველ ორგანოებში ძალაუფლება და აღვიდგინოთ სუვერენიტეტი, ჩვენი წარმომადგენლობა საკრებულოებში. ეს ბრძოლა არის შეუქცევადი და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ წალენჯიხა გახლავთ, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა აზრმა და სადაც დღეს ყალიბდება შემდგომი პერსპექტიული განვითარების ხედვები მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად” – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.
ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
[sexy_author_bio]