წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს.
“სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება არის კაცობრიობის მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი.
სწორედ ამ მონაპოვარს ებრძვის და ანადგურებს დღეს ქართული ოცნების რეჟიმი.
საზოგადოებამ იხილა – არის კრიმინალი. მას, როგორც ფაქტს, ასევე ბრძანების გამცემ, შემდგომში კი შემსრულებელ ადამიანებს, არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან!
ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, როგორც ინსტიტუცია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირდაპირ წარმოადგენს “ქართული ოცნების” არალეგიტიმური ე.წ. “ხელისუფლების” – პირად საქმეთა სამინისტროს.
ის დანაშაული, რაც მოხდა წუხელ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის მიმართ და რაც ხდება უკვე სისტემატურ ფორმატში ჩვენი სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არის ნებისმიერი მოძალადე და კრიმინალი ადამიანის წახალისება ძალადობისკენ, რადგან დარწმუნებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს გატაცების მომენტში – არიან, თუ არა ნამდვილად პოლიციის თანამშრომლები.
ამ ყველაფრის ავტორი კი ისევ და ისევ, თვითმარქვია და ე.წ. ხელისუფლებაა.
სწორედ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვთხოვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს – განაგრძოთ და გააძლიეროთ ქართველი ხალხის და კრიტიკული მედიის მხარდაჭერა.
პარალელურად, ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე, მოხდეს საერთაშორისო გამოძიება და სასამართლო აღსრულება”,_ ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.