ავადმყოფობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორი რაციონის შედგენას. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბევრი პროდუქტი საკმაოდ აძლიერებს აბების ეფექტურობას და აჩქარებს გამოჯანსაღების პროცესს. მეორეც, წამლების ჭარბად მიღება იწვევს საკვების უკმარისობას და ზოგიერთი ორგანოს მიკროდაზიანებას. როგორ ავარიდოთ ამას თავი?
საჭიროა იმის ცოდნა, რომ ანტიბიოტიკები იწვევს ორგანიზმში ყველა ვიტამინის დეფიციტს, განსაკუთრებით მკვეთრად ეცემა სისხლში C ვიტამინის შემცველობა. ამ ვიტამინის დიდ დანაკარგს იწვევს აგრეთვე პრეპარატები: ასპირინი, ბარბიტურატები, სულფამიდები. ამიტომ აუცილებელია მკურნალობის პერიოდში მივიღოთ კომბოსტო, კარტოფილი, ციტრუსები, ასკილისა და შავი მოცხარის ჩაი.
ბევრი წამალი ღვიძლს აზიანებს. ამის თავიდან ასაცილებლად ხშირად უნდა მივიღოთ კვერცხი, ყველი, რძე, ვიტამინ E-ს შემცველი ქერის ბურღული, კაკალი, თხილი, მზესუმზირა.
ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია აგრეთვე A ვიტამინის საკმაო რაოდენობის მიღება.
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო პრეპარატებისა და ასპირინის მიღების დროს იშლება A ვიტამინი. ამ წამლების მიღების შემთხვევაში რაციონში ჩართეთ რძე და რძის პროდუქტები, სტაფილო, კომბოსტო, ისპანახი, პომიდორი და მანგო.
შარდმდენი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კალიუმის, მაგნიუმის და B ჯგუფის ვიტამინების მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს, რაც აზიანებს თირკმელებს და ზრდის სისხლის შედედების უნარს, დარტყმას აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
გვერდითი მოვლენებისაგან თავის დასაზღვევად მიირთვით კარტოფილი, ხილ-ბოსტნეული, ბურღულეული, პურ-პროდუქტები, პარკოსნები და E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები. ისინი შესანიშნავად ამაგრებს გულის კუნთს.
ასე რომ, ავადმყოფობის დროს, როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, ჭამეთ ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად, თანაც მრავალფეროვანი პროდუქტი, რათა მალე გამოჯანმრთელდეთ და წამლების მიღებამ არ დაგასუსტოთ.