დუტა სხირტლაძის შოუს „უპასუხე საქართველოს“ გამარჯვებული, ოზურგეთელი ზურა ვაშალომიძე და მისი მეგობარი, თბილისელი ლუკა ლომსაძე არიან.
„წინა გამარჯვებაც მაგარი იყო, მაგრამ ასე დახვეწილი გამარჯვება მე არ მახსოვს. 19 წლის ბიჭებმა ლუკამ და ზურამ 24 ათასი ლარი მოიგეს!“ _ აღფრთოვანებას ვერ მალავდა შოუს წამყვანი.
როგორც „გურის ნიუსის“ მკითხველებმა და ახლა სრულიად საქართველომ იცის, ზურა ვაშალომიძემ გასულ წელს დაამთავრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლა და ასპროცენტიანი გრანტით სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეუფლება კომპიუტერულ მეცნიერებებს.
_ 24 ათასი ლარი მოვიგეთ. ეს თანხა შუაზე იყოფა. მიხარია თანხაც, მაგრამ უფრო მიხარია ასე მასშტაბურად ჩემი ინტელექტუალური შესაძლებლობების დამტკიცება, – თქვა „გურია ნიუსთან“ ზურა ვაშალომიძემ.