კახეთის გზაზე, ვაზიანის მიმდებარედ მომხდარ უმძიმეს ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც როგორც ჩანს, მანქანიდან გამოსვლა შეძლო და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს.
არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილს უკნიდან დაეჯახა დიდი ტრაილერი, რის შედეგადაც აფეთქდა მანქანა და მთლიანად დაიწვა.
ჩვენთვის უკვე ცნობილია რომ გარდაცვლილები არიან უსუფარ კურბანოვი და განჯა კურბანოვა, ხოლო დაშავებულია გულხანუმ მამედოვა.
ამ შემზარავ ფაქტს უამრავი ადამიანი შეესწრო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ მათი დახმარება ვერავინ შეძლო, მანქანა მთლიანად ჩაიფერფლა.
“ეს იყო საშინელი სანახავი. მე საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობდი და დავინახე, რომ მერსედესის მარკის ავტომობილზე უკნიდან იყო დაჯახებული დიდი ტრაილერი, ეტყობა გაზი ეყენა მერსედესში და აფეთქდა. სულ დამწვარი იყო მანქანა. მართლა საშინელება მოხდა. არ ვიცი როგორ დაეჯახა ტრაილერი, შესაძლოა მერსედესი გაჩერებული იყო გვერდზე და ტრაილერ დაეჯახა. სხვანაირად არ ვიცი, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. სხვა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ დრომდე თვალში მიტრიალებს ეს საშინელი კადრები. ახალ ავტობანზე, ვაზიანის მხარეს იყო ეს ტრაგედია მომხდარი. წამში ჩაქრა ორი ადამიანის სიცოცხლე. ერთი მიცვალებული იქვე ესვენა, გადაფარებული იყო ზემოდან და ამბობდნენ სავარაუდოდ ცოლ ქმარია გარდაცვლილებიო. ერთი მოშორებით იყო დაშავებული, იმედია ის მაინც გადარჩა. ტრაილერის მძღოლია სავარაუდოდ დამნაშავე” – ამბობს ჩვენთან საუბარში ფაქტი თვითმხილველი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო: ambebi.ge