ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის თეატრალური დასის (ხელმძღვანელი პედაგოგი ირმა მენაღარიშვილი) პატარა მსახიობმა, ანა განევამ ახალშექმნილ თეატრ „სივრცესთან“ ერთად სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ ითამაშა. პრემიერა თბილისში, არტ-ჰოლში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. სპექტაკლში ანა სარეს როლს ასახიერებდა, რომელიც თავის დროზე ლეგენდარულმა სოფიკო ჭიაურელმა განასახიერა, რაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა პატარა მსახიობს, თუმცა, როგორც მისი პედაგოგები ამბობენ, მან ბრწყინვალედ გაართვა თავი.
„ეს იყო სრულიად განსხვავებული სცენური სახე, ანისეული ხელწერით. ბრავო ანის, მან ასე პატარა ასაკში შეძლო დარბაზის აღრფთოვანება. გვჯერა, წინ უფრო დიდი როლები ელოდება. მთელ თეატრალურ დასს ვულოცავთ დიდ წარმატებას. თეატრი „სივრცე“ არის სკოლა, სადაც მართლაც ბრწყინვალე მომავალი თაობა იზრდება,“ – ამბობენ ანის მასწავლებლები.
ცნობისთვის, ანიმ პირველად დიდ სცენაზე სპექტაკლ „ჯვარცმულ ბედნიერებაში“ ითამაშა. ზოგადად კი მისი პირველი წარმატება თეატრალურ სცენაზე მშობლიურ სკოლას უკავშირდება. რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის თეატრალური დასი დედაქალაქში გამართულ სასკოლო თეატრალურ ფესტივალზე ო ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლით“ წარსდგა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებაც მოიპოვა. მათ შორის, გოგონას საუკეთესო როლის შესრულებისთვის ანა განევამ გაიმარჯვა.