შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის – მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წავკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და 3 პირი დააკავეს. კერძოდ, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული გ.ა. – დამამძიმებელ გარემოებაში 2 ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასევე, 1972 წელს დაბადებული ნ.ა. – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. გარდა ამისა, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ყ., რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ კიდევ ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა.
ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.
შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.
სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნულ ფაქტზე ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია ეცნობება.