საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი ტელეკომპანიებს მიზანმიმართულ ცილისწამებაში ადანაშაულებს.
,,მინდა გამოვეხმაურო ,,რუსთავი 2“- ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტს ჩემი პერსონისადმი, თითქოს ვაღიარე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. მე არ ვიცი, რა ეშველება ამ უცხო ქვეყნის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიას. ყველას გვახსოვს 2001 წელი, როცა უშიშროებამ, შს სამინისტრომ ჩეჩნები გადმოიყვანეს კოდორში, რათა შემდგომ მოყოლოდა კოდორის ჩაბარება. მოვახერხეთ კოდორელებმა და გადავარჩინეთ, ფაქტობრივად, ლეგიტიმაცია მაშინაც მისცეს რუსებს, იმისთვის, რომ დაებომბათ კოდორი და შემოსულიყვნენ და შემოეყვანათ აფხაზები. სწორედ, „რუსთავი 2“ იყო რომ დაგვდევდა კუდში და გადასცემდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რათა მერე დავებომბეთ. დანარჩენი ტელევიზიებიც, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან სწორედ რომ, ცილისწამებითს ცდილობენ გაანადგურონ ჩემი სახელი და გვარი, მაგრამ დღემდე არაფერი გამოსვლიათ და არც აწი გამოუვათ არაფერი“, _ განაცხადა კვიციანმა.
































































