რადიკალური ძალები ცდილობენ, ქვეყანაში დაპირისპირება შემოიტანონ და მოაწყონ რევოლუციები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
„ნუ გვიკვირს ასეთი ქმედებები. ესენი არიან რადიკალური ძალებისგან დაკომპლექტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველანაირი ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს, მოაწყონ რევოლუციები, განახორციელონ ხელისუფლების დამხობა ყველანაირი მეთოდებით. ნუ გვიკვირს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და იკადრებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, დესტაბილიზაცია არავის გამოუვა.
„წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს იკადრეს და გააკეთეს ის, რაც თუ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ხალხი და პატივს სცემ მას, როგორ უნდა იკადრო და გააკეთო. დღესაც იგივეს აგრძელებენ: დღესაც ცდილობენ, როგორმე დააზიანონ ქვეყანა, მისი ხვალინდელი დღე, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დესტაბილიზაცია, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა ევროინტეგრაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.