მმართველი გუნდის წევრი კარლო კოპალიანი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არის. როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გვეუბნება, მარგველაშვილის მხრიდან ვლადიმედ პუტინთან კომუნიკაციის სურვილი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამასთან, როგორც კოპალიანი აცხადებს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობის ხარჯზე მარგველაშვილი საზოგადოების გულის მოგებას სცდილობს.
,,ისეთ ადამიანს, რომელსაც ექვსი თვე აქვს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ვინ დაელაპარაკება? მარგველაშვილი 5 წელია პრეზიდენტია თუ ასეთი პატრიოტული საკითხები აწუხებდა ამ საკითხზე აქამდე ესაუბრა. ეს ნაბიჯი, შესაძლოა, წინა საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილით იყოს და ალბათ, იმასაც ფიქრობს, რომ ამომრჩევლის გული მოიგოს. მარგველაშვილმა ქართველ ხალხს ნარკორეალიზატორების, მკვლელების შეწყალებითა და გაუაზრებელი ვეტოებით დაამახსოვრა თავი. მან უარი თქვა სახელისუფლებო რესურსზე და გარკვეული ოდიოზური ჯგუფების ინტერესების დამცველი გახდა. ახლა პუტინთან შეხვედრა რა პიარის ნაწილია და რას მოუტანს ეს ნაბიჯი, მის პიარს უნდა ვკითხოთ“,_ გვითხრა კოპალიანმა
მმართველი გუნდის წარმომადგენელი რუსეთში ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თითოეულ ნაბიჯს მიესალმება. ამასთან, კოპალიანი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობის აუცილებლობაზე საუბრობს.
,,მათი პარტიის არჩევანია, რომ წავიდნენ რუსეთში და შეხვდნენ აგრესიის განმხორციელებელ მხარეს. რა თქმა უნდა, თავად დიალოგის მომხრე ვარ და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი ძალიან დიდი სამხედრო პოტენციის მატარებელია. ამ ქვეყანასთან ურთიერთობის საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს და ამ ურთიერთობაში არსებული შეცდომების ხარჯზე არ გაგვიჭირდება, რომ გარკვეულ შედეგამდე გავიდეთ, რაც უფრო მეტად იმ მხარეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჩვენი ტერიტორიების ანექსია განახორციელა“, _ გვითხრა კოპალიანმა.