ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა, – ამის შესახებ გამოცემა “ბათუმელები” წერს.
როგორც გამოცემა იუწყება, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად იძალადა. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა შემთხვევა დააფიქსირა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ფეხს ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა.
ფოტო: ბათუმელები