ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება 3 სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ უკვე მიიღო განკარგულება, რომელიც საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
„კანონმდებლობისა და ზემოაღნიშნული განკარგულების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი, 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის მათივე მოთხოვნის საფუძველზე, განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი, ხოლო დანარჩენ 9 საარჩევნო სუბიექტს – წილისყრით მიეკუთვნათ რიგითი ნომრები. შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერმა ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამ დროისათვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების შესახებ. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის პირველი მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკსა და 6 საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.
„8 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 18 პოლიტიკური პარტია და 6 საინიციატივო ჯგუფი. ხოლო 5 მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიას და 9 საინიციატივო ჯგუფს; ზემოაღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა ასევე 19 აპრილია“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც შემდეგი რიგითი ნომრები წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით განესაზღვრათ:
№33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”;
№9 – „თავისუფალი საქართველო”;
№40 – „სახალხო პარტია”;
№24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის”;
№21 – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”;
№35 – „გირჩი”;
№38 – „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)”;
№13 – საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები”;
№39 – „ქრისტიან-კონსერვატორები”;
საარჩევნო სუბიექტები, რომლებსაც რომელიმე სახის არჩევნებში უკვე ჰქონდათ მინიჭებული რიგითი ნომერი და მათივე მოთხოვნის საფუძველზე განესაზღვრათ იგივე რიგითი ნომერი:
№1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”;
№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;
№3 – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”;
№4 – „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;
№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია”;
№8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№17 – „საქართველო”;
№18 – „ტრადიციონალისტები”;
№23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”;
№27 – „პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო”;
№28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”;
№31 – „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”;
№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.