ნიგერში, არასტაბილურ რეგიონ ტილაბერში მდებარე ციხიდან, სადაც ჯიჰადისტები იხდიდნენ სასჯელს, პატიმრები გაიქცნენ – ნიგერის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა. ინციდენტი კუტუკალეს ციხეში მოხდა, რომელიც დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 50 კმ-ში მდებარეობს.
ნიგერის შს სამინისტრომ არ დააკონკრეტა, თუ რამდენმა პატიმარმა მოახერხა ციხიდან გაქცევა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათ შორის არიან ისლამისტი მებრძოლები, რომლებიც დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან – როგორც “ალ-ქაიდასთან”, ასევე – “ისლამურ სახელმწიფოსთან”.
ხელისუფლების მიერ გამოცხადებული კომენდანტის საათი ვრცელდება გადაადგილების ყველა ფორმაზე – როგორც ქვეითებზე, ისე – ავტომობილებსა და ველოსიპედებზე.
ციხიდან, რომელსაც მკაცრად იცავენ, 2016 და 2019 წლებშიც იყო გაქცევის მცდელობები, თუმცა მაშინ პატიმრებმა შენობის დატოვება ვერ შეძლეს.
რუსთავი2