საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის დასწრება გააპროტესტა.
დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე 7 ნოემბრის სისხლიანი აქცია გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი კომიტეტის სხდომას ესწრება, ერს აწამებდა და ძალადობრივ რეჟიმს ახორციელებდა.
„ჩვენ ყველა დაგვარბიეს, დაგვიჭირეს და გვცემეს და ძალიან ცუდად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ დღეს, თუნდაც ამ საკომიტეტო სხდომაზე, გვესწრება ადამიანი, რომლის პოლიტიკურ წიაღში მოიხარშა ეს ძალადობა და რომლის ძალაც არა მარტო 7 ნოემბერს, არამედ მთელ ერს გვეძალადებოდა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ ერთხელ ვდგავართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების გზაგასაყარზე. ადამიანები, რომლებიც ასეთი სისასტიკით გვექცეოდნენ ამ სისასტიკით იბადებიან და არ იცვლებიან“, _ აღნიშნა წილოსანმა.