„ნუ მოჭრი-მორთე,”_ ასე ჰქვია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიას, რომლის მიზანიც წიწვოვანი ხეების ჭრის პრევენცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
კამპანია “ნუ მოჭრი, მორთე“ ფართო საზოგადოებას საშუალებას აძლევს საკუთარი გადაწყვეტილებითა და ქმედებით წვლილი შეიტანოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება.
კამპანიის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი შეხვდა მედიის წარმომდგენლებს და გააცნო მათ კამპანიის მნიშვნელობა, მიზნები და ასევე კამპანიის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილი აქტივობები.
კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეარჩიონ ადგილმდებარეობა (როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში მდებარე სკვერები, ბაღები, პარკები) და საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხე თავად მორთონ.