საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგი გამართა.
“დავიწყოთ არჩევნებში უცხოური ჩარევის საკითხით.
ბოლო თვეებში გახშირდა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირების მუქარის განცხადებები და ვიხილეთ უცხოელი პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციის განხორციელების მიზნით. ფაქტია, რომ არჩევნების დღის მოახლოებამ უფრო გააქტიურა ასეთი ძალების მხრიდან წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობები.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე, დაასანქცირა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებისთვის, პარლამენტის წევრებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მცდელობას.
16 სექტემბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, მისი მხრიდან მმართველის გუნდის საწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა”,_ განაცხადა მიქანაძემ.