წიფნარის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ზურაბ კიკვაძის სახელი მიენიჭა, _ აღნიშნულის შესახებ სკოლის ფეისბუქგვერდზე წერია.
სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად სკოლას მიენიჭა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული ზურაბ კიკვაძის სახელი.
ზურაბ დიმიტრის ძე კიკვაძე დაიბადა სოფელ წიფნარში. საშუალო სკოლისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, 1993 წლის მარტის თვეში მოხალისედ ჩაეწერა ორხევის სადესანტო ბატალიონში, მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის რეგიონში. ერთ-ერთი სპეცოპერაციის შესრულებისას მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად დაიღუპა 1993 წლის 24 ოქტომბერს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში.
მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილია სოფლისთვის. ზურაბ კიკვაძე არის მამულიშვილობის, ვაჟკაცობის, ქართული სულისკვეთების, სამშობლოსადმი თავშეწირულობის სიმბოლო.
სამშობლოსადმი დაღუპული ახალგაზრდის სახელის უკვდავსაყოფად და პატივისცემის დადასტურების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება საამაყოა სოფლისა და სკოლისათვის.
გილოცავთ ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ყველა გულშემატკივარს!” _ წერია სკოლის ფეისბუქგვერდზე.