კანადელი ფოტოგრაფი ანდრე მოროზოვი ონტარიოს სამეფო ბოტანიკურ ბაღში შეესწრო ციყვების ომს, რომელიც ჯირკზე დატოვებული მიწის თხილის გამო გაჩაღდა.
“ერთი ციყვი უკვე იწყებდა თხილის მირთმევას, როცა ჯირკზე მეორე ახტა. დამხვდური აშკარად არ აპირებდა დათმობას.
თვალის დახამხამებაში ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, მეგონა, პროფესიონალი “ბოევიკების” სერიალს ვუყურებდი, – ჰყვება ანდრე, – დამხვდურმა ჯერ დაუპატიჟებელი სტუმრის ჯირკიდან ჩაგდება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, შემდეგ კი ერთმანეთს ისე დაეტაკნენ, თხილი სულ გადაავიწყდათ.
გამწარებული ცდილობდნენ ერთმანეთის დაკბენას და ჯირკიდან გადაგდებას, ორივე თანაბარი ღონისა გამოდგა, ამიტომ ჭიდილი კარგა ხანს გაგრძელდა და ბოლოს ახლომდებარე ხეებზე გადაინაცვლა”.