“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური პარტიის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას ავრცელებს.
ცისკარიშვილის განცხადებით, დღეს ევროკავშირში ჩანიშნულია საბოლოო შეხვედრა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე, რომელიც დიდი ალბათობით ამოქმედდება „ქართული ოცნებისთვის“, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველა, ვინც კი ემსახურება „ოცნების“ რეჟიმს, დასავლეთის მხრიდან აღიარებულია პერსონა ნონ გრატად.
„ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირი პრაქტიკულად ამბობს, რომ ყველა ის პირი, ვინც კი ემსახურება „ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატა აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით. აქედან გამომდინარე, მთავარი საშინაო დავალება სინამდვილეში არის ჩვენი გასაკეთებელი, ქართველი ხალხის შესასრულებელი, რომ გავაკეთოთ არჩევანი – გვინდა რომ ასეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომლებიც მართლაც მხოლოდ ჩელიაბინსკში და აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან, თუ გვინდა დემოკრატიული, პროევროპული, ახალი მთავრობა. ეს ერთგვარი მესიჯის მატარებელიც არის, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული შეზღუდვა იმ პირების მიმართ, ვინც დგას „ოცნების“ სამსახურში,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.