კინორეჟისორი ელდარ შენგელაია იხსენებდა:
“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში… იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.
ჩვენება დასრულდა. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და…
„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა – არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, – მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, – იმ წუთში არ დამთანხმდა?!
მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს – ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.”