პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ტექნიკურ პრობლემას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.
„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა. ცხადია, უმრავლესობის გადაწყვეტილება არის კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით მიღებული და ეს იქნება რეალიზებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.