ცხრა მაისს ლანჩხუთელ „სტალინელთა“ ინიციატივით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ბელადის ბიუსტის დადგმა იგეგმება. ნინოშვილის ქუჩაზე განახლებული კვარცხლბეკი ბიუსტის დასადგმელად უკვე მზადაა. ლანჩხუთში ბელადის ბიუსტს უცხო პირებმა განაჩენი არაერთხელ გამოუტანეს, თუმცა, როგორც ჩანს ამჯერადაც დროებით. ბოლოს იგი 2016 წელს ბელადის საიუბილეოდ მისმა თაყვანისმცემლებმა კვარცხლბეკზე სტალინის ახალი, ოქროსფრად მოელვარე ბიუსტი შემოდგეს. მაშინ ომის ვეტერანებმა თანხა საკუთარი ჯიბიდან გაირეს. 10-10 ლარი გაირეს და ბიუსტი ლანჩხუთელ იური სარჯველაძეს დაამზადებინეს. ამჯერადაც ბიუსტის ავტორი იური სარჯველაძეა.
„ამ ადგილზე წლების განმავლობაში იყო სტალინის ბიუსტი, თუმცა გასული წლის დასაწყისში დაუდგენელმა პირებმა იგი კვარცხლბეკიდან ჩამოაგდეს და დაამტვრიეს, თან ისე, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. ამიტომ ახლაც ახალი ბიუსტი დამზადება მოგვიხდა. ცხრა მაისამდე მივიტანთ ადგილზე და დავდგამთ მას ჩვენი ვეტერანებისადმი პატივისცემის ნიშნად“, _ ამბობენ ბიუსტის ხელახლა დადგმის ინიციატორები.
სტალინის ბიუსტის დადგმაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს ლანჩხუთის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ალექსანდრე მახათაძე.
„გერმანიაში თუ დგას ჰიტლერის ძეგლი, რა პრობლემაა, ლანჩხუთში სტალინის ბიუსტის რომ იდგეს“, _ ამბობს მახათაძე.
აღსანიშნავია, რომ კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი და მკვლევარი, ირაკლი მახარაძე ერთი თვის წინ ინიციატივით გამოვიდა, რომ ლანჩხუთში, ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ მდებარე მოედანს, სადაც ისევ იგეგმება სტალინის ბიუსტის დადგმა, გურული მხედრების სახელი მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.