„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი ჩოხატაურის ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს.
გოგორიშვილი, რომელიც ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ამბობს, რომ ჩოხატაურის მერიამ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად 96 500 ლარი გამოყო. მიუხედავად ამისა, სოციალურად დაუცველთა დახმარებას მხოლოდ 9 000 ლარი მოხმარდა.
მისი განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად ხელფასს უხდის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებს.
გოგორიშვილი აცხადებს, რომ აუდიტის მონაცემებით, უცნობია, რაში დაიხარჯა დანარჩენი თანხა. აღნიშნული სოციალური პროგრამის კოორდინატორები ჩოხატაურის მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა განყოფილების თავმჯდომარეების ცოლები არიან.
„თამარ კოროშინაძე _ მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის, ვანო ცინცაძის ცოლი.
ირინა მამალაძე _ მერის მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის ცოლი.
ირინა ხოტრიშვილი _ საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი.
ნათია გურგენიძე _ ჩოხატაურის ელექტრო ქსელების ხელმძღვანელის, თემურ ჩხიკვაძის ცოლი.
ეს ქალბატონები დასაქმებულები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ა(ა)იპ-ში და სხვა ხელფასსაც იღებენ ჩოხატაურის ბიუჯეტიდან.
ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ „ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში,_ განაცხადა გოგორიშვილმა.
“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით სასაუბროდ „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მერს, ირაკლი კუჭავას დაუკავშირდა.
მერის განცხადებით, ხათუნა გოგორიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აცდენილია რეალობას.
„ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აცდენილია რეალობას. მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა პროგრამა, „ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში“, რომლის თანადამფინანსებელი ჩვენს მუნიციპალიტეტთან ერთად არის წითელი ჯვარი და დანიის წითელი ჯვარი.
ძალიან ბევრი ბენეფიციარი, ჩვენი ხანდაზმული მოქალაქეებისა სარგებლობენ ამ პროგრამით, ასევე, წითელ ჯვართან ერთად, პანდემიის პირობებში განვახორციელეთ არაერთი აქცია ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად.
რაც შეეხება ნეპოტიზმს, ვერ იქნება ვერანაირი ნეპოტიზმი, რადგან ჩვენ მემორანდუმის ფარგლებში ვთანამშრომლობთ და საკადრო პოლიტიკაში არ ვერევით“,_ აცხადებს კუჭავა.