“საფარის” ინფორმაციით, ცოლზე მოძალადე პოლიციელი პატიმრობაში დატოვეს.
“12 მარტს დაკავებულ, ცოლზე მოძალადე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოძალადის დაკავების შემდეგ, “საფარი” სასამართლოზე ითხოვდა ბრალდებული პატიმრობაში დაეტოვებინათ, რადგან ის მოქმედი პოლიციელია და ფლობს იარაღს”,_ ნათქვამია “საფარის” განცხადებაში.
როგორც 12 მარტს “საფარის” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 12 მარტს დააკავეს პოლიციელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა და ქალს იარაღის გამოყენებით მოკვლით ემუქრებოდა.
“ქალი დახმარებისთვის საფარში ერთი თვის წინ, 11 თებერვალს მოვიდა. იქამდე, მრავალი თვის განმავლობაში, დაზარალებულმა პოლიციის რამდენიმე განყოფილებას, გენერალურ ინსპექციას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. საქმეში საფარის იურისტის, თამარ ლუკავას ჩართვისა და საფარის მიერ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან გამოვლენილი შესაძლო გულგრილობის ფაქტების გასაჯაროების შემდეგ, ქალს დაზარალებულის სტატუსი მალევე მიანიჭეს. ჩატარებული საგამოძიებო ქმედებების შედეგად, 12 მარტს, მოძალადე პოლიციელი დააკავეს და ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე ბრალი წარუდგინეს.
აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საფარი ითხოვს ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს, რადგან მოძალადე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია და ფლობს იარაღს”.
ცნობისთვის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა პატრულ-ინსპექტორის დაკავების შესახებ განცხადება 12 მარტს გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.