ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას თანაშემწედ, მრავალი წელია „მუშაობს“ იაკობ (ია) დოლიძე.
ის წარსულში ოზურგეთის პროკურორი იყო და რაც ძველი დროება აირია, ახალ რეალობაში საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ფავორიტი აღმოჩნდა.
ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხშირად ირონიულად საუბრობენ, რომ ცოცხალი ყოფილი პროკურორი (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ავტ.), დიდი ხანია, საკრებულოს „მკვდარი სულია“. სამსახურში ვერავინ ხედავს, მათ შორის ჩვენც, ხელფასი კი ყოველთვის ერიცხება!
როგორც აქ გვეუბნებიან, იაკობ დოლიძე სამგზის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას კარის მეზობელია და ერთმანეთთან ნათელმირონობაც აკავშირებთ!
ჩვენ საკრებულოს აპარატის უფროსს, ნანა თავდუმაძეს ვკითხეთ, რატომ არის ადამიანი დანიშნული საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ, როცა ის საერთოდ არ დადის სამსახურში და მეგობარი დავით დარჩია, ხალხის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად პენსიასავით ჩუქნის ხელფასს.
_კი, დადის, მაგრამ ეტყობა, როცა თქვენ მოდიხართ, მაშინ არ არის და ვერ შეხვდით, – ასეთი „გულუბრყვილო“ პასუხი გაგვცა ქალბატონმა ნანამ, _ გოჭისა და ტყემლის არაკის არ იყოს, ერთმანეთს რომ ვერაფრით „დაემთხვნენ“.
„გურია ნიუსს“ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იმ დროს, როცა ოზურგეთის მერიიდან,
35 თანამშრომელს, რეორგანიზაციის მოტივით, სამსახურიდან უშვებენ, ხოლო გარეთ კი ომი და პანდემიაა, რომელიც თითოეული ადამიანის სოციალურ ყოფაზე ასახვას პოულობს, ოზურგეთის საკრებულოს არაერთი თანამშრომელი ორ ხელფასს აქვე იღებს.
„აქ საკმაოდ არიან მოხელეები, რომლებიც ცდილობენ, შინ ბევრი ხელფასი წაიღონ. ერთი, დიდი ხანია, წასულია უცხოეთში, რითაც იხეირა მეორე თანამშრმელმა და შეითავსა ეს ადგილი, თავის ხელფასთან ერთად“. „ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა და მისი სამსახური მეორემ შეითავსა, რა თქმა უნდა, თავის ხელფასთან ერთად!“, „ერთი თანამშრომელი აქვე გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე და მისი თანამდებობა იქვე, მეორე თანამშრომელმა შეითავსა. კანონებს კარგად ირგებენ… გარეთ კი ხალხს შია და წყურია… ვაიმე, ხალხის ბიუჯეტო!“ _ უთხრეს „გურია ნიუსს“.
ჩვენ ვმუშაობთ ამ ინფორმაციების დასაზუსტებლად და მკითხველს მალე შევთავაზებთ სტატიას.
ავტორი