ამ წუთებში, ოზურგეთში, “გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი ლევან აფხაზავა, თანამშრომლებთან _ სერგო ჩხაიძესთან და დათო კიკვაძესთან ერთად, რომლებმაც ადგილზე გადაამოწმეს ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ წყალს გამოჰყვა წურბელა. მათ აღნიშნეს, რომ ტექნიკურად შეუძლებელია, ონკანიდან წყალს გამოჰყვეს ამ სიდიდის წურბელა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ნესტის ან კანალიზაციის ბრალია.
_ “გურია ნიუსის” ოფისი წარმოადგენს კომპანიის იურიდიულ აბონენტს, რომელიც გამრიცხველიანებულია. მრიცხველის კვანძში დამონტაჟებულია 2 ფილტრი, რაც ფიზიკურად შეუძლებელს ხდის მსგავსი სიდიდის სხეულის გატარებას მრიცხველის მექანიზმში, _ გვითხრა ლევან აფხაზავამ.