„გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, დღეს დღის განმავლობაში და ხვალ როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობა, წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ ნიორაძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით უამინდობა 17 ივნისამდე გაგრძელდება.
„დღეს, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება უამინდობა. 3-4 საათამდე ძლიერი წვიმა უნდა იყოს, საღამოს შესუსტდება. თუმცა, ხვალიდან ისევ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან. 17 ივნისის დილამდე უამინდობა შენარჩუნდება. მოსალოდნელია სეტყვა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 17-ში უნალექო ამინდი უნდა იყოს. 18-ში კი თბილი და უნალექო ამინდია“, _ განაცხადა ნიორაძემ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონე მნიშვნელოვნად მოიმატებს. „აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში მოსალოდნელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადები. ასევე სეტყვა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 18 ივნისს, მაგრამ თბილი და უნალექო ამინდი იქნება“, _ აცხადებს ნიორაძე.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 17 ივნისიდან გამოიდარებს და დათბება.
„დღეს საკმაოდ გრილი ამინდი გვაქვს და ტემპერატურა 19-24 გრადუსის ფარგლებში იქნება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 20-25 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 22-27 გრადუსი. 17 ივნისს, მოიმატებს ტემპერატურა 24-29 გრადუსამდე, ხოლო 18-ში 28-31 გრადუსს ველოდებით დასავლეთ საქართველოს დაბლობში“, _ უთხრა „გურია ნიუსს“ ნიორაძემ.
ამავე თემაზე: