იმერეთის რეგიონში, წყალტუბოში, სასტუმრო „ლეჯენდსში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 43 – მა მოქალაქემ დატოვა. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ. თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 4702 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 14199 ადამიანს დაუსრულდა.