წყალდიდობა ევროპის ცენტრალურ ნაწილში – BBC-ის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად რუმინეთის რამდენიმე რაიონი დაიტბორა, 5 ადამიანი კი გარდაცვლილი იპოვეს.
შტორმმა ასევე პრობლემები შექმნა ჩეხეთში და პოლონეთში. ჩეხეთის რესპუბლიკაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახორციელდა და ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში 51,000 ოჯახი დაზარალდა ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო. პოლონეთში კი 1 ადამიანი დამხრჩვალი იპოვეს.
კრაკოვში, პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქში, მოსახლეობას წყალდიდობისგან დაცვის მიზნით ქვიშის ტომრები შესთავაზეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს მოუწოდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ითანამშრომლონ, თუ მათ, წყალდიდობის გამო საცხოვრებელი სახლის დატოვებას შესთავაზებენ.
„ჩვენ კვლავ ვაწყდებით კლიმატის ცვლილების ეფექტს, რომელიც სულ უფრო მეტად არის წარმოდგენილი ევროპის კონტინენტზე დრამატული შედეგებით“, – განაცხადა შაბათს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური ნალექები ევროპაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, უფრო სავარაუდოა.