ტყუპი & მშვილდოსანი
ტყუპი მშვილდოსნის ოპოზიციაა. შესაბამისად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. მშვილდოსანი ბუნებით დემაგოგია, თუმცა ტყუპსაც არანაკლებ უყვარს მახვილსიტყვაობა და ლაქლაქი. შესაბამისად, ცოლ-ქმარს შორის რომელიმეს მაინც ხომ უნდა გააჩნდეს მოსმენის კულტურა? ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მათი არცთუ მშვიდი დიალოგების ერთგულ მსმენელებად ყველაზე ხშირად ცნობისმოყვარე მეზობლები გვევლინებიან.
სამაგიეროდ, ტყუპზე კარგად არავის შეუძლია მშვილდოსანი ახალ-ახალი გმირობების ჩადენისა და ქმედებისკენ წააქეზოს. ჰაერი ხომ ცეცხლს უფრო აღვივებს. ხოლო თავად მშვილდოსანი კარგად მოახერხებს, ჰაეროვანი ტყუპი თავისი, მართალია, არცთუ ტაქტიანი კრიტიკით, ზოგჯერ დაუკვირვებელი და იმპულსური ქმედებებისგან იხსნას. ცეცხლი ხომ ჟანგბადს შთანთქავს.
ვერძი & თხის რქა
ამბობენ, რომ ორი რქიანის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება კატასტროფის ტოლფასია, თუმცა არც მთლად მასეა საქმე, ბატონებო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვერძი, ისე თხის რქა უაპელაციო სიჯიუტისკენაა მიდრეკილი, ამ ორს შორისაც შეიძლება ჩამოყალიბდეს საკმაოდ სტაბილური და რაც მთავარია, წარმატებული ოჯახური დუეტი. საამისოდ კი აუცილებელია, რომ პარტნიორული ურთიერთობის გარდა, საერთო ბიზნესინტერესებიც გააჩნდეს. ქმარი თხის რქა შესანიშნავი პრომოუტერი, სპონსორი ან თანაშემწე იქნება ცოლი ვერძისთვის, რომელსაც იდეები და კრეატივი, როგორც წესი, თავზე საყრელად გააჩნია. თუმცა, მათი რეალიზებისთვის გზებს ვერ პოულობს ან ნებისყოფა არ ჰყოფნის დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად. ჰოდა, თხის რქა ქმარზე უკეთეს იმპრესარიოს სად იშოვის კაცი?