პოლიტოლოგი გია ნოდია იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც წულუკიანი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას უარყოფითად აფასებს და ,,ევროპული საქართველოს“ წევრებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მონაწილე დამნაშავე პირების სახელებისა და გვარების დასახელებისკენ მოუწოდებს. ნოდია წულუკიანის შეფასებას დემაგოგიას უწოდებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს პასუხი ამომწურავად გასცა.
,,წულუკიანი ამ შემთხვევაში ან უსინდისო დემაგოგია, ან მართლა არ ესმის, რას ლაპარაკობს. კომისიის საქმე არ ყოფილა, ჩაენაცვლებინა გამოძიება და დაესახელებინა მკვლელი ან მკვლელები. მან გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა: ცალსახად და უდავოდ დაასაბუთა, რომ გამოძიება არა მარტო სათანადოდ არ ჩატარებულა, არამედ მკვლელის გამოვლენას სინამდვილეში არც ისახავდა მიზნად“, _ წერს ნოდია.
ნოდია საგამოძიებო კომისიის დასკვნასის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
,,ასევე, დემაგოგიური (თუმცა უფრო ეშმაკური) იყო ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ გამოძიებამ „ობიექტური მიზეზებით“ ვერ დაადგინა ჭეშმარიტება _ ანუ იმიტომ, რომ მოქალაქეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. ეს მიზეზი მართლაც ობიექტურია (ანუ ნამდვილად არსებობს და პროკურატურის ბრალი არ არის). მაგრამ მისი არსებობა არ აუქმებს იმ აშკარა ვითარებას, რომ პროკურატურა არ იყო დაინტერესებული საქმის გახსნით“, _ წერს ნოდია სოციალურ ქსელში.