ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა. მე მინდა თითოეულ დეპუტატს, რომელიც ამ დელეგაციაშია, მათი ხელმძღვანელის ბატონი შალვას მეთაურობით, ვუთხრა მადლობა ამ ნაბიჯისთვის და რა თქმა უნდა ველოდებით მათ მშვიდობიან დაბრუნებას, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო გაამყარებს.
„მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული არამხოლოდ მეგობრული ნაბიჯი იქნება, არამედ ვიზიტი, რომელიც უფრო გაამყარებს ორ ხალხს შორის ტრადიციულ მეგობრობას, რომელსაც ვერავითარი პოლიტიკა ან პოლიტიკური სხვადასხვა პოზიციები ვერ დააზიანებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბუჩასა და ირპენში იმყოფებოდა.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერები დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და ლევან იოსელიანი. ასევე, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, „რესპუბლიკელი“ ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი. უკრაინაში ვიზიტის დროს, ჯგუფის შემადგენლობაში არ იყვნენ „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.