“იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა”, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, დღეს დილით კომისიის წევრები ტრადიციულად შეკრებისთვის იუსტიციის სახლში მივიდნენ და არ შეუშვეს.
“კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა, რომელიც არ წარმოადგენს არც ერთ სახელმწიფო უწყებას და არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით კომისიას დაემატა ერთი წევრი სუს-იდან, ერთი – უშიშროების საბჭოდან. სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალეობის ზრდამ ქალბატონი იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია. სრულიად მოულოდნელად, განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებულნი არიან საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას. მინდა ყველას შევახსენო, რომ შენობა, საიდანაც იუსტიციის მინისტრმა გამოასახლა კომისიის წევრები, ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე მინისტრს”,- განაცხადა აბაშიშვილმა. ”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, შენობა, საიდანაც თეა წულუკიანმა კომისიის წევრები გამოასახლა, სახელმწიფოს ეკუთვნის და არა ერთ კონკრეტულ მინისტრს.
“იუსტიციის სამინისტრო განაცხადების მიღებას განაგრძობს, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. თუ კომისიას მუშაობის საშუალება არ მიეცემა, ეს ადამიანები ფულს დაკარგავენ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია კომისიის მიმართ ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება. მაგრამ ყველაზე მეტად იმ ასეულობით ადამიანების მდგომარეობა გვაღელვებს, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას. ამ წუთას ეს კომისია ქუჩაშია. დღეს იუსტიციის მინისტრმა კომისია გამოასახლა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, კომისია 2004 წლიდან მუშაობდა, ექვემდებარებოდა საქართველოს პრეზიდენტს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა.
„პრეზიდენტის მიერ გასული წლის მიწურულს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ ორი წარმომადგენელი ეყოლება – ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც- ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა 10 იანვრის პრესკონფერენციაზე.