საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენების შემდეგ მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ერთსულოვნების თანამშრომლები საქართველოს პატრიარქს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ, მეუფე პეტრე ტელეკომპანიში დაბრუნებაზე უარს ამბობს.
“მე რამდენიმე წლის წინ მქონდა თავად სურვილი, რომ ეპარქიისთვის უფრო მეტი დრო დამეთმო და უწმინდესს გავეთავისუფლებინე ტელევიზიიდან და მან ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა, დღეს ჩათვალა საჭიროდ. მადლობა ღმერთს, მიმაჩნია, რომ ეპარქიას ბევრად უფრო ვჭირდები” _ განაცხადა მეუფე პეტრემ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მის შემცვლელად გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მეუფე პეტრეს თქმით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება საპატრიარქოს ტელევიზიის ახალი დირექტორი.
“ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება, თუ ასე მოხდა ეკლესიისთვის,“ _ განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
წყარო: რუსთავი 2