ტუბერკულოზი საშიშ სოციალურ დაავადებას წარმოადგენს და მის დასამარცხებლად საზოგადოების თითოეული წევრის ძალისხმევაა აუცილებელი.
დღეს ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ტუბერკულოზის მართვის აქტუალურ საკითხებთან, მათ შორის, კლინიკურ კვლევებთან დაკავშირებით მასმედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ასევე ჩატარდა „პლანეტის მწვანე ფილტვების“ აქცია _დაირგო ნარგავები ცენტრის ტერიტორიაზე.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, დღეს ცენტრის ტერიტორიაზე 100-მდე ხე დარგო და კამპანია, რომელიც ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს, 24 მარტს უკავშირდება, მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას.„ეს არის მწვანე ნარგავების აქცია. ჩვენ მას ტრადიციულად ვატარებთ. „პლანეტის მწვანე ფილტვების“ აქცია ეხმაურება თვითონ პათოსსაც ტუბერკულოზის საერთაშორისო დღეს და მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, ერთ-ერთი აუცილებელი გადაუდებელ პირობად ტუბერკულოზის თავიდან აცილებისთვის. ჟურნალისტების გარდა მობრძანდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლაგვილავა, ასევე ამირან გამყრელიძე, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და ასევე მისი მოადგილე, ხონელიძე, ასევე სამინისტროდან წარმომადგენლები. ასევე დარგეს ხეები ჩვენმა ამერიკელმა რეზიდენტებმა, რომლებიც სტაჟირებას გადიან დღეს ჩვენთან და ფრანგული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ წარმომადგენლებმა“,_განაცხადა ავალიანმა.
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, ცენტრში 180-მდე პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 16 ბავშვია.
„ამ წუთას ჩვენთან მკურნალობას გადის 180-მდე პაციენტი, აქედან 15 ბავშვია, მე-16 კი დღეს მოიყვანეს“,_ამბობს ის.
როგორც „პლანეტის მწვანე ფილტვების“ აქციის, ერთ-ერთი მონაწილე, „ჯი-ეიჩ-ენ“-ის ჟურნალისტი, ირაკლი კუნჭულია ამბობს, საზოგადოების ცოდნის ამაღლება ტუბერკულიოზით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად მნიშვნელოვანია.
„საქართველოში აღინიშნება ტუბერკულოზთან ბრძოლის კვირეული, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმყოფებით დღეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში, სადაც ჟურნალისტებმა დავრგეთ თითო-თითო ხე. უხეშად რომ ვთქვა, ეს ისეთი კამპანიაა, რომ ამ მიმართულებით ავამაღლოთ ცნობიერება ხალხში და საზოგადოებას ვუთხრათ, რომ თუ ეს დაავადება გჭირს საშიში არ არის, ყველა შენს გვერდით ვართ. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, ცნობიერების ნაკლებობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოჩენისთანავე ყველა მოვიდეს ამ ცენტრში. როგორც გავიგე, ყველანაირი კონსულტაცია არის უფასო, ასევე შემდგომი მკურნალობაც და მგონია, რომ თუ დროულად მოვა, ყველაფერი კარგად იქნება “, _ამბობს კუნჭულია.
ამავე თემაზე: