ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის საქართველოში დაგეგმვას საზოგადოების ნაწილის პროტესტი და აღშფოთება მოჰყვა. თბილისში კინოთეატრებთან, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გამართულიყო, ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილს ესაუბრა. რეჟისორის თქმით, თუ ფილმს ჰყავს მაყურებელი, მისი პრემიერაც უნდა შედგეს, ამ აქციების ფონზე კი ფილმით საზოგადოების დაინტერესება უფრო გაიზრდება. ღვთისიაშვილის თქმითვე, არავის აქვს უფლება რეჟისორს საქმიანობა შეუზღუდოს და აიძულოს გაჩუმება ირგვლივ არსებულ თემებზე.
“ამ საკითხთან დაკავშირებით მაქვს საკმაოდ მყარი პოზიცია. თვითონ ვარ რეჟისორი და ეს ნიშნავს, მაიძულონ რაღაც თემებს არ შევეხო. თუ ეს თემები ჩვენ გარშემო არის, თვალი დავხუჭოთ? ნინო სუხიშვილის კომენტარი მოვისმინე. ვერ გავიზიარებ ამ კომენტარს. თავისუფალ შემოქმედს აქვს უფლება, ნებისმიერ თემაზე გადაიღოს ფილმი და თუ იმ ფილმს ჰყავს მაყურებელი, ის უნდა მივიდეს და დაესწროს. ეს არის თავისუფალი საზოგადოება და მე მომწონს ეს ფილმი თუ არ მომწონს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ის განცხადებები, რაც სამღვდელოების ან გარკვეული ჯგუფების მხრიდან კეთდება, არა თუ მიუღებელი, არამედ სამი ოთხი საუკუნის წინანდელი აზროვნებაა. რას ქვია მემუქრები? რა უფლებით მემუქრები? მკითხე, მე მომწონს, როგორც იქცევი? ვაპროტესტებ ამას? თავისუფალი ადამიანი, როგორც მას მიაჩნია სწორად, ისე ცხოვრობს. რას ნიშნავს ამ აჟიოტაჟის შექმნა? თუ, დავუშვათ, ას ადამიანს აინტერესებდა ფილმის ნახვა, ახლა ხუთი ათასს დააინტერესებს”, _ ამბობს ღვთისიაშვილი.